რეზონანსი
13.02.2023

თურქეთში მაშველები ძლიერი მიწისძვრიდან 1 კვირის შემდეგაც ახერხებენ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების ამოყვანას. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა გადაარჩინეს ქალი, რომელმაც ნანგრევებში 175 საათი გაატარა. სამაშველო ოპერაციას სტამბოლის სახანძრო დეპარტამენტის თანამშრომლები და თურქი მეშახტეები ატარებდნენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

რაც უფრო მეტი დრო გადის მიწისძვრიდან, მით უფრო მცირდება ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსი, ამის მიუხედავად, მაშველებმა სტიქიიდან 141-167 საათებში 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 85 წლის ქალი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 29 600-ს აღემატება. სირიაში კი მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×