რეზონანსი
13.02.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ დღეს ადვოკატებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები სააპელაციო სასამართლოშიც შუამდგომლობას დააყენებენ, რომ მოსამართლეებმა კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.

„დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ დღეს ჩაგვბარდა, დავწერთ სააპელაციო საჩივარს. რაც შეეხება CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ამ ადამიანს გულისყრის ეპიზოდები ჰქონდა. მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა, რომ თურმე შაჰინ ემანუელ ლახანს ის ნიმუშები, რომელიც აღებული ჰქონდა, არ დაულუქავს და ა.შ. თვალნათლივ გამოაშკარავდა, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, აბსოლუტური სიცრუე იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი ცუდად იყო, ხოლო მოსამართლემ არ ისურვა, რომ მასთან პალატაში მისულიყო, თუმცა სააპელაციო სასამართლოში იგივე საკითხს დავაყენებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 6 ოქტომბერს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაშიც დაფიქსირებული არ იყო.

„მიხეილ სააკაშვილს 6 ოქტომბერს გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილს ახსოვდა და არც ავადმყოფობის ისტორიაში არის დაფიქსირებული. ეს პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ კადრებში აღმოვაჩინეთ. ვფიქრობ, მსგავსი ეპიზოდები ბევრი შეიძლება იყოს, რომელიც არც ისტორიაშია დაფიქსირებული და არც თვითონ პაციენტს ახსოვს. ამ მასალებს კარგად შევისწავლით და სააპელაციო სასამართლოში წარვადგენთ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×