რეზონანსი
14.02.2023

ხალხს არ ეშლება მტერი და მოყვარე, როგორც ეს ეშლება ბიძინას და მის ნამდვილ გამხმოვანებლებს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის" თაობაზე „ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ხალხის ძალა" ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ახმოვანებს და პროექტის მოდელი, რომელსაც აინიცირებს, მოსკოვში არსებული კანონია, რომელიც მედიას, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს ზღუდავს და სანქციებს უწესებს.

„მე ვერ ვხედავ, რომ ეს „ხალხის ძალის" ინიცირებულია, ეს არის „ბიძინას ძალის" ინიცირებული, ხალხს სხვა რამე უნდა, ხალხს არ ეშლება მტერი და მოყვარე, როგორც ეს ეშლება ბიძინას და მის ნამდვილ გამხმოვანებლებს. დიდ პოლიტიკას რომ თავი დავანებით, მარტივ რამეს შევხედოთ, არიან ადამიანები, ვისაც სახლში ვეპატიჟებით და არიან ალბათ, ადამიანები, ვისაც სახლში ცოცხალი თავით არ შემოვუშვებთ და "ბიძინას ძალა" აქამდეა მისული, ის მტრად თვლის იმას, ვისაც ქართველი ხალხი თვლის მოყვარედ. ასეთ კანონმდებლობას ვნახავთ მოსკოვში, იქ აცხადებენ უცხო ქვეყნის აგენტებად და შესაბამისი სანქციები და შეზღუდვები აქვთ ექსპერტებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ჟურნალისტებსაც, „ბიძინას ძალა" საიდან იღებს ასეთ მოდელებს? - მოსკოვიდან, იმის ნაცვლად, რომ გადაიღოს ბერლინის, ლონდონის, ვაშინგტონის მიდგომები.

ახლა, კომიტეტზე მნიშვნელოვან კანონპროექტებს ვიხილავთ და მინისტრის მოადგილემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს ევროკავშირის დირექტივებს შეესაბამება და ა.შ. ერთ დარბაზში ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირის რეზოლუციების შესაბამისი კანონმდებლობა უნდა მივიღოთ და მეორე მხრიდან და მეორე დარბაზში, მეორე ოთახში გველაპარაკებიან, რომ ევროკავშირი და ამერიკა მტერია, ჩვენი მოსპობა უნდა და ა.შ. ეს არის ის, რის სახელსაც ახლა არ ვიტყვი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულეს და პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის დაინიცირებას გეგმავენ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×