რეზონანსი
17.02.2023

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თანახმად, ჰორეკა სექტორში პანდემიის შემდეგ ფასები 50-დან 200%-მდეა გაზრდილი და ქართველების უმუშევრობა ნონსენსია და მხოლოდ სიზარმაცეზე მეტყველებს.

„კადრების გადინება დადებითი კონტექსტითაც შეიძლება შეფასდეს. კადრებისთვის, რომლებიც უკეთეს პერსპექტივას უყურებენ მომავალში, საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი გამოცდილების და მატერიალურად დაკმაყოფილების შესაძლებლობაა, შემდეგ კი ქვეყანაში პირდაპირი ფულადი ან ინტელექტუალური რესურსის სახით ინვესტიციას ახორციელებენ და ეს მხოლოდ დადებითია.

ის, რომ ადამიანი დღეს საქართველოში უმუშევარი იყოს, ნონსენსი და სიზარმაცეა, გამოგზავნილი ფულით არიან კმაყოფილები. გამონაკლისია ისეთი პროფესიები, რომლებიც თავიანთი განათლებით ვერ პოულობენ სამსახურს. ყოველწლიურად 55,000 ადამიანი ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, პროფესიულს კი მხოლოდ 5,000-მდე და ეს ბალანსი თუ არ შეიცვალა 50/50-ზე ან 60/40-ზე, ეს პრობლემა დიდი ხანი იქნება", - განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრა ნიუსის" გადაცემაში.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ დამლაგებლის ხელფასი დღეს მინიმუმ 1,000 ლარს შეადგენს, ხოლო მიმტანების, ჰოსტესების, მენეჯერებისა თუ მზარეულების ანაზღაურება 1,500 ლარს აღემატება. მიუხედავად ამისა, სექტორისთვის კადრების დეფიციტი კვლავ დიდი პრობლემაა და ამ დეფიციტის შესავსებად სამსახურის მაძიებლები, იგივე გასტარბაიტერები მალე დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან შემოვლენ.

ცნობისთვის, მთავრობა ამცირებს იმ სპეციფიკური დარგების სიას, რომელთაც შეეძლოთ კვირაში 48-საათიანი სამუშაო გრაფიკით ემუშავათ. ცვლილება ეხება მშენებლობის, ტექსტილის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების, ქაღალდის მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესების მფლობელებს და ისინი 40-საათიან რეჟიმზე უნდა გადაეწყონ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, ეს ის დარგებია, სადაც დასაქმებულები ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ხოლო ცვლილება გააუმჯობესებს შრომით პირობებს და ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას. თუმცა, ბიზნესის ნაწილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ცვლილება პირიქით, ხარჯებს გაზრდის და დასაქმებას შეაფერხებს, ხოლო პროფკავშირები სპეციფიკური დარგების სიის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×