რეზონანსი
02.03.2023

ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია.

„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!" - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში".

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

აღნიშნული კანონპროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ. კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.

ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზში აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს".

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×