რეზონანსი
03.03.2023

ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ამ კანონის განხილვა იქნება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, დავიცავთ ყველას, არავის დავტოვებთ მარტო, გავმაგრდეთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსული კანონის განხილვის პარალელურად, გუშინ დააკავეს ანტიპუტინისტური კანონის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები. ახლა ვართ ერთ-ერთ იზოლატორთან, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დაკავებული. ჩვენი იურისტი ვანო პეტრიაშვილი ეცდება ყველას მონახულებას. ჩვენ გვინდა, რომ ყველას უფლებები დავიცვათ. ყველამ უნდა იცოდეს, არაფრის შეგეშინდეთ. ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე ყოველ მიზეზ გარეშე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე სადმე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო არის ჩვენთან ერთად. ყველამ, დაკავებულებმაც უნდა იცოდნენ, რომ მომავალში ბევრი ბრძოლა მოგვიწევს, იქნება ეს ორშაბათი, სამშაბათი, იმ დღეებში, როცა ამ კანონის განხილვა იქნება აქტიური, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. დავიცავთ ყველას. მარტო არ ხართ. გავმაგრდეთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, როგორია „ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამ სიტუაციას არ ყოფს პარტიული კუთვნილების მიხედვით.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმე და არანაირი პარტია, გარდა ჩვენი საქართველოსი, არ არსებობს. ჩვენ არასდროს დაგვიყვია ხოლმე აქცია, აქტიურობა პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი. დაველაპარაკებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პროევროპული კურსი. ცხადია, ყველა პარტიასთან გვექნება ურთიერთობა, ვიქნებით კომუნიკაციაში. მთავარია, ყველამ გადავდოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებები, ის არ მინდა, ის არ მომწონს, ამასობაში რუსეთი იპყრობს საქართველოს და ოკუპაციას ახდენს არა 20 პროცენტის, არამედ მთლიანად ქვეყნის. ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთიანი. ვინც აქ რამე განსხვავებულს იტყვის და რამეს ყოფს, ემსახურება რუსეთის საქმეს.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, მოქმედებას და ამას ნახავთ, როგორც ნახეთ, მაგალითად, გუშინ. ჩვენ არ ვაპირებთ მარტივად რამის დათმობას, არათუ დათმობას, ვაპირებთ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებას. არავის დავტოვებთ მარტო, არაფრის შეგეშინდეთ. მეტიც, ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენი გამარჯვება, ოღონდ ამას უნდა მოქმედება და ბრძოლა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×