რეზონანსი
07.03.2023

ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი, არავითარი კავშირი ამ კანონპროექტს არ აქვს ჩვენს ევროპულ მომავალთან, ევროპულ კურსთან და ამას ყველა დაინახავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სახის სპეკულაციები საქართველოს საგარეო ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით 2019 წლის ნოემბერში, არჩევნების პროპორციული სისტემის ჩავარდნის დროს იყო, თუმცა, მას შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ქვეყანას არჩეული საგარეო კურსიდან არ გადაუხვევია.

„კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით საგარეო კურსთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არის ცარიელი სპეკულაციები. თქვენ გახსოვთ, მსგავსი ტიპის სპეკულაციები მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში, როცა ჩავარდა პროპორციული სისტემა - მაშინაც იყო შექმნილი აჟიოტაჟი, ამბობდნენ რომ გადაუხვია ქვეყანამ საგარეო კურსს, სინამდვილეში, რაც მოხდა მაშინ, იყო ის, რომ რეალურად დაზარალდა უფრო მეტად „ნაცმოძრაობა" იმ სისტემის ჩავარდნით, რომელიც მაშინ იყო დაინიცირებული. მე პირადად მაშინ მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემას, თუმცა, კოლეგების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. არავითარი კურსიდან გადახვევა 2019 წლის ნოემბერში არ მომხდარა, 3,5 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველა ხედავს, რომ ჩვენი საგარეო ევროპული კურსი არის ურყევი."- აღნიშნა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, აჩვენებს, რომ რეალურად, ისინი არ არიან დაინტერესებული საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებით და კანდიდატის სტატუსის მიღებით.

„დღეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო კომპრომისული გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენელს დავუჭირეთ მხარი და ამაშიც კი არ ჩაერთო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, რაც აჩვენებს იმას, რომ ისინი სინამდვილეში არიან ფარისევლები, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და რა თქმა უნდა, მივყვებით ამ არჩევანს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×