რეზონანსი
09.03.2023

ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით - მსგავს სიტუაციაში პრეზიდენტისგან ხალხი მოელის, რომ მოუწოდოს ყველას მშვიდობისკენ და არა ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ, გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ეს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები. ეს სირენები შეგახსენებთ იმას, რომ იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები. ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი ამის რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ხმაზე მოცეკვავე თინეიჯერების, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი. როდესაც ხდება ძალადობრივი დაზიანება პარლამენტის, ხდება შეტევა პოლიციელებზე და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ხალხი არის, რომ მან მოუწოდოს ყველას მშვიდობისაკენ და არა ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში რუსთაველზე გამართული აქციის ვიდეო გააზიარა, წარწერით „პოლიციის სირენის ხმაზე ცეკვავენ, მაგარი ახალგაზრდა თაობა".

პარლამენტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×