რეზონანსი
14.03.2023

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ ნეგატიურია.

როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი რისკებს შეიცავს.

„გამოვიდა სპიკერი და ამბობს ტყუილს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონზე არის პოზიტიური. დასკვნა არის ცალსახად ნეგატიური. პირდაპირ წერია, რომ კანონი რისკებს შეიცავს. როდესაც დეოლიგარქიზაცია და ოლიგარქიზაციის პრობლემა გვიდა მოგვარდეს, არის ორი მიდგომა: ერთი არის სისტემური მიდგომა, რაც ნიშნავს ინსტიტუტებზე, სადაც ოლიგარქებს გავლენა აქვთ, კანონებში მივიღოთ ცვლილებები; მეორე არის პერსონალური მიდგომა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანების რეესტრი გავაკეთოთ.

წერია, რომ რეკომენდაციას უწევენ სისტემურ მიდგომას, ეს არის ის, რასაც ოპოზიცია ვსაუბრობთ. ვენეციის კომისია ამბობს, რომ „ქართული ოცნების" მიერ გამოგზავნილია პერსონალური მიდგომა, როცა რეესტრი უნდა გაკეთდეს და ეს შეიცავს სერიოზულ რისკებს, ინტერპრეტაციის საშუალებას, დევნას და ა.შ. წერია პირდაპირ, რომ ყველა ეს რისკი იმდენად დიდია, რომ კანონი მიზანს ვერ მიაღწევს. სად არის რამე პოზიტიური, რაზეც ბატონი სპიკერი საუბრობდა?", - განაცხადა სამნიძემ.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გარდა, გადაცემაში ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანები არ არიან ცალკე ჯგუფი, „ქართული ოცნების" ნაწილი არიან და „ქართული ოცნების" გარეშე ამ ტიპის ქმედებებს არ სჩადიან".

„დღეს, რაც მოხდა, დიახ ეს არის გულგრილობა და მეორეს მხრივ, მწვანე შუქი აქვთ ანთებული ამ ადამიანებს ყველა განცხადებით, რაც გვესმის კობახიძისგან, ღარიბაშვილისგან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი. ვისაც ექნება განსხვავებული აზრი ექნება ისინი, შეიძლება ძალადობის და თავდასხმის ობიექტები იყვნენ. ამ განცხადებებით ხელი შეუწყვეს ამ ადამიანების დღეს შეკრებას. ეს ადამიანები არ არიან ცალკე ჯგუფი, „ქართული ოცნების" ნაწილი არიან და „ქართული ოცნების" გარეშე ამ ტიპის ქმედებებს არ სჩადიან", - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, აქციაზე საზოგადოება არა მხოლოდ ე.წ. უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ იდგა, არამედ იმისთვის, რომ ეთქვათ -„ ჩვენ გვინდა ევროპა".

მისივე განცხადებით, ყველა უნდა დასხდეს სამუშაო მაგიდასთან, იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას" 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება აიძულონ.

„ხელისუფლებას ხალხის დამსახურებით და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყნების განცხადებებით, უკან დახევა მოუწია. სხვადასხვა მხრიდან დარტყმებით იმდენად შოკირებული არიან, რომ დღესაც ინერციით და სიძულვილის ენით ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, შურისძიებაზეც გადავლენ.

ხალხი ქუჩაში იდგა არა მხოლოდ რუსული კანონის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ეთქვათ „ჩვენ გვინდა ევროპა". ამის ერთადერთი გზა არის 12 პუნქტის შესრულება, ამიტომ უნდა დავსხდეთ, თვალებშიც უნდა ვუყუროთ „ქართულ ოცნებას", რომელსაც მოუწია ხალხის პროტესტის ფონზე უკან დახევა. უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ. „ქართული ოცნება" უნდა ვაიძულოთ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს. სხვა არჩევანი და პრიორიტეტი ამ ქვეყანას არ აქვს. თუ გვინდა რომ ხელისუფლება შეიცვალოს, სტატუსი უნდა გვქონდეს. სტატუსის დაგვეხმარება იმაში, რომ მომავალი არჩევნები ვერ გააყალბონ",- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×