რეზონანსი
16.03.2023

როგორც „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ოცნებიდან" მოდის.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" აღნიშნა, ქვეყანაში საფრთხე „უგუნური ხელისუფლებისგან" მოდის.

„კი, საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ოცნებიდან" მოდის. იმიტომ, რომ მათ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მარტო კანონპროექტის ინიცირება არ შეუძლიათ. ამიტომ არის საჭირო სერიოზული მონიტორინგი, სამოქალაქო წრეებიდან, პოლიტიკური წრეებიდან და საერთაშორისო წრეებიდანაც. ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა! თავგზააბნეული ადამიანები, საღ აზრდაკარგული ადამიანები, ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ. ასეთი ადამიანები სახიფათოები ხდებიან. როცა ხიფათებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვფიქრობდეთ იმას, რომ ვიღაცას რუსთაველზე სცემონ, ეს არ არის ერთადერთი შესაძლო ხიფათი. დღეს მსოფლიო არის სუპერ დაძაბულ ვითარებაში და ეს ჩვენ შემოგარენში ხდება. იურიდიულად ბევრი რამ ჩვენ შემოგარენში ხდება. აქ ჩვენ გვჭირდება ცივი გონებით და საღად მოაზროვნე ხელისუფლება. თუ რამე ხიფათი აქვს ამ ქვეყანას, ამ უგუნური ხელისუფლებისგან აქვს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ყველაფერი უკეთ ესმის, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს.

„ვეუბნებოდით, რომ ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი არ არის ევროპული ღირებულებების შესაბამისი კანონი. „ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ უკეთ ესმის, არა მხოლოდ ეს კანონი, საერთოდ ცხოვრების არსი, კაცობრიობის ისტორია, ფილოსოფია, ღირებულებები, ვიდრე ქვეყნების ლიდერებს, ვინც ევროკავშირი არიან.

ყველა, გარდა „ოცნების რამდენიმე ლიდერისა და პუტინის გარემოცვისა, არის შეთქმულების მსხვერპლი. წიგნი, რომ დარიგდა პარლამენტში მანდ ხომ ეს თეორიაა.

ევროპამ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის მოვლენების შემდეგ, ნათლად დაინახა , რომ ქართველი ხალხი მხოლოდ პასიურად კი არ უჭერს მხარს ევროკავშირისკენ სწრაფვას, არამედ ეს არის სერიოზული, მყარი გადაწყვეტილება",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ „ევროკავშირში ღირსეულად" სურთ შესვლა, არ არის სერიოზულად განსახილველი.

უსუფაშვილის განმარტებით, საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ნაკლები გააფუჭოს.

„ჩემი აზრით, უკვე ღირსების საქმეა, რომ ხელისუფლების ლიდერების ამ ტიპის გამონათქვამებზე, სერიოზულად აღარ ვიმსჯელოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი და „ლელოს" დამოკიდებულებაა, რომ ახლა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ხელისუფლებამ ნაკლები გააფუჭოს - კანდიდატის სტატუსის მოცემამდე და არჩევნებამდე. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვართ ასე მარტივად მანიპულირებადი. მათი მხრიდან, ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, სამწუხაროდ დასრულებულია.

ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირებით, მათ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს, იმასაც რაც სწორად ჰქონდათ გაკეთებული 12 პუნქტის შესრულების ნაწილში. ის, რომ კანონპროექტი უკან არის გაწვეული ამით, არსი შეიცვალა? კანონპროექტი, ხომ იყო „ქართული ოცნების" პათოლოგიის, არასწორი პოლიტიკური ხედვის და ვექტორის გამოვლინება. ფაქტორების გამო მათ კანონპროექტი უკან წაიღეს, მაგრამ მათი ხედვა პოლიტიკური განზრახვა, ხომ უცვლელი დარჩა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×