რეზონანსი
17.03.2023

ვნახეთ ის ცნობილი 9 წელი - ამ ე.წ. პოლიტიკურმა ძალამ თუ რა დღეში ჩააგდო საზოგადოება. რეალობა ის არის, რომ, სამწუხაროდ, არც ახლა შეიცვალეს ბუნება, პირიქით, უფრო გაამძაფრეს. ამ ყველაფერს ერთადერთი ის შველის, რომ ისინი აღარ არიან და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგი და მუქარა „ნაციონალური მოძრაობის" ბუნების განუყოფელი ნაწილია.

„უკვე დაფიქსირებული ბულინგის ფაქტები, რა თქმა უნდა, მოკვლევას საჭიროებს. როგორც ვიცი, შს სამინისტროსგან იმ მასწავლებელთან დაკავშირებით პროცესი დაწყებულია, რომელმაც, მართლა უპრეცედენტო რამ გააკეთა. სამართლებრივ, სადისციპლინო და ა.შ. მიდგომებს რომ თავი დავანებოთ, მასწავლებელი მოსწავლეებთან კლასში მორალურად როგორ უნდა შევიდეს, როდესაც სოციალურ ქსელში ასეთ პოსტებს დებს, ბავშვებს ერთმანეთთან აპირისპირებს და მათ ბულინგისა და ჩაგვრისკენ მოუწოდებს? მაშინ, როცა მოსწავლის აღზრდაზე აქვთ პრეტენზია.

ან ის ლექტორი, რომელიც საჯაროდ, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ 10 ქულას მიანიჭებს იმ სტუდენტს, ვინც აქციაზე წავა... ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი თუნდაც ორმა სტუდენტმა რომ გააპროტესტოს და თქვას, რომ მის ლექციას არ დაესწრებიან, რადგან არ სურთ ლექტორი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით რაღაც პროცესებს აწარმოებს, რა მოხდება - იტყვიან, რომ „ეს როგორ შეიძლება, ლექტორს პოლიტიკური ნიშნით დევნიან" და ა.შ. რეალურად კი რას ვხედავთ? სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორს პირდაპირი გაგებით ობსტრუქციას უწყობენ და ამ ყველაფერს პოლიტიკური სუნი ასდის. ჯავახიშვილს რომ არ უშვებდნენ საკუთარ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, ამის ანალოგი მივიღეთ დღეს. ეს პროცესი აუცილებლად გაჩერდება და ამას აუცილებლად საპასუხო რეაქციაც ექნება საზოგადოების მხრიდან. გასაგებია, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გარკვეული პროცესების ან კანონპროექტების მიმართ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასეთი დესტრუქციული, ბოლშევიკური მიდგომა რომ მიუღებელია, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების უდიდეს ნაწილში განსხვავებული მოსაზრება არ არსებობს.

ეს ბულინგიც იმას უკავშირდება, რომ რადიკალები ხელმოცარულები აღმოჩნდნენ ქუჩაშიც, პოლიტიკაშიც, საქართველოს პარლამენტშიც და საზოგადოებასთანაც, რომელთანაც, კანონის გამოწვევის მერეც მოინდომეს რევოლუციური სცენარის გაგრძელება, ამიტომ დარჩათ ერთადერთ გზად გაუგონარი ბულინგი, რომელსაც, საზოგადოება პასუხს თვითონ გასცემს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×