რეზონანსი
17.03.2023

როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების სანქციის გაცემაზე არის უპრეცედენტო ფაქტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემაში, რადგან სანქციის გაცემა მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის ლიდერზე

მისივე თქმით, ჰააგის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.

„როგორც ცნობილია, საქართველოზე ვრცელდება რომის სტატუტი, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მხარე აბსოლუტურად გამართლდა და დადგინდა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია. ამ გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსი გენერალიტეტის მოქმედება, კერძოდ კი მაშინდელი სახმელეთო ჯარების სარდლის გენერალ ბორისოვის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომელიც პირდაპირ ასრულებდა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანებებს, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია რუსეთის პრეზიდენტზე სანქციები განხორციელდეს არა მხოლოდ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების ფარგლებში, არამედ მას დაემატოს აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეც.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს ყველა სახის კონტაქტი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. არა თუ საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, არამედ უნდა შეწყდეს ნებისმიერი სახის კონტაქტი, რადგან რომის სტატუტიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახის კონტაქტი საერთაშორისო სისხლის სამართლის ძებნილთან ითვლება დანაშაულად, შესაბამისად, სანქციები აუცილებლად გავრცელდება იმ პირებზეც საქართველოში, ვინც უშუალოდ იქნება კონტაქტში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.

მოვუწოდებ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს, სასწრაფო რეჟიმში მოხდეს სანქციების გაცემა სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებზეც, ვინც დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მიითვისა ძალაუფლება და ჩაიდინა დანაშაულები, მით უმეტეს რომ ჰააგის პროკურატურის მიერ მათზე უკვე დაწყებულია სანქციების გაცემა.

შესაძლებელია ჰააგის პროკურატურის მიერ განხორციელდეს ამ ორი გამოძიების თავმოყრა ერთ საქმედ, რადგან რუსეთის პრეზიდენტის უშუალო ბრძანებებით საქართველოშიც ჩადენილია ზუსტად ის დანაშაულები, რაც იყო ჩადენილი უკრაინის ტერიტორიაზე, რაზეც მოხდა ჰააგის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×