რეზონანსი
27.03.2023

საპროტესტო აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მედპერსონალი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მათი განცხადებით, ისინი შენობის რეაბილიტაციის გამო, უსამსახუროდ რჩებიან.

ექიმებს კონკრეტული კითხვები აქვთ ადმინისტრაციასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. დღეს განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება ბევრი ტყუილი და არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. მისივე თქმით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა იმავე ადგილას იგეგმება.

პარალელურად, ექიმი კახი ხუციშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება მნიშვნელოვანია.

"ძალიან კარგია, რომ ევროსტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკები, მე მივესალმები. მაგრამ მთელ რიგ კერძო კლინიკებში უკვე დაიწყეს რეკონსტრუქციები, კერძო კლინიკების უმეტესობა ისევ იმ ძველ შენობებშია რეაბილიტირებული და განთავსებული, რომლის პრივატიზაციაც თავის დროზე მოახდინეს. ყველგან მიდის რეკონსტრუქციები და მზადება იმისათვის, რომ ჩაჯდეს ამ სტანდარტში, როგორც ჩვენ მინისტრი გვეუბნება,"-აცხადებს კახი ხუციშვილი.

კლინიკის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს ექიმი მალხაზ გოგუაც. მისი თქმით, კლინიკის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჰპირდებოდნენ.

"ამ კლინიკის რეაბილიტაცია აუცილებელია, სხვაგვარად დიდხანს ასე მუშაობას ვერ გავაგრძელებთ და ამას წლებია ვითხოვთ. ჯერ კიდევ 2014 წელს, მაშინდელი მინისტრი დაგვპირდა, რომ დამტკიცდა თქვენი რეაბილიტაციის გეგმა, მალე დაიწყება და ა.შ. 2014 წლის შემდეგ ვისმენთ ასეთ ინფორმაციას და აქამდე საქმე არ დაძრულა. ახლა გაგვიჩნდა იმედი, რომ განხორციელდება, მაგრამ ისევ ახალი რაღაც მოიგონეს," - აცხადებს ექიმი მალხაზ გოგუა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×