რეზონანსი
06.04.2023

„ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ს მიერ 4 მოსამართლის დასანქცირება გზავნილია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, ამერიკამ ფორმალურად დაასანქცირა 4 მოსამართლე, „რეალურად ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი დაასანქცირეს".

მისივე შეფასებით, სანქციების საკითხის მომწიფება აჩვენებს იმას, რომ დასავლეთმა „ქართულ ოცნებასთან „კომუნიკაციის ყველანაირი გზა ამოწურა".

„დღეს, ჩვენ ახალ რეალობაში დავიწყეთ ცხოვრება. პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ლანძღვის და თავდასხმის რეჟიმზეა გადასული. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს საქართველოა, დამოუკიდებლობის მიღების დღიდან არ ყოფილა. დღეს, ეს არის ქვეყანა, სადაც ძალაუფლება სრულად მიტაცებული აქვს ჩრდილში მყოფ ოლიგარქს. ფორმალურად დაასანქცირეს ეს მოსამართლეები, მაგრამ რეალურად დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი. იმიტომ, რომ ანომალიაა, როდესაც ადამიანი ჩრდილიდან, ოლიგარქიულად მმართავს ქვეყანას და მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო. ამ შტოებს შორის ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლო და პროკურატურა. იმიტომ, რომ სასამართლოს და პროკურატურის გზით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ამოცანას ახორციელებს.

ივანიშვილს ვაშინგტონში სამი სხვადასხვა კომპანია ჰყავს დაქირავებული, რომელიც ერთადერთ საკითხზე მუშაობს, რომ სანქციებისგან დაიცვას ივანიშვილი, დაარწმუნონ აშშ რომ ივანიშვილის დასანქცირება არასწორი იქნება. ივანიშვილის მარჯვენა ხელის, სასამართლო სისტემის კორუმპირებული კლანის ხელმძღვანელების დასანქცირებით, აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა გზავნილი და ეს გზავნილი ივანიშვილმა წესით, სწორად უნდა გაიგოს.

ეს საკითხი [დასანქცირება] რომ მომწიფდა, აჩვენებს იმას, რომ ამოწურეს კომუნიკაციის ყველანაირი გზა", - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მოსამართლეების დასანქცირება „ არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა" .

მისი შეფასებით, ხელისუფლებას „უმძიმესი" კრიზისი აქვს.

„ვინმემ უნდა დაუსვას შეკითხვა, ერთ უჯრედიანი ხალხია. დეკლარირებული საერთო ამოცანები ამ ხელისუფლებას აშშ-თან არ აქვს? მაშინ უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატო-ზე. უთხრან ქართველ ხალხს სიმართლე. 12 წელია გვატყუებენ. გვეუბნებიან, რომ აშშ სტრატეგიული მოკავშირეა და რაში გამოიხატება სტრატეგიული მოკავშირეობა?

„ქართულ ოცნებას" უმძიმესი კრიზისი აქვს. ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტი, რუსული სპეცოპერაცია ჩაუვარდათ. ევროკავშირი ამბობს, რომ მოთხოვნებს არ ასრულებენ. ახლა კი აშშ- მ პირდაპირ უთხრა რა სახის ხელისუფლებაც არის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×