რეზონანსი
07.04.2023

მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას, ძმობას - ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად განახორციელა ისტორიული მნიშვნელობის პროექტები.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ძალიან ლამაზ ადგილას, მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს ჩემი მასპინძლობისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდით საქართველოში, ჩვენ მაშინ დავიწყეთ ახალი ტრადიციის დანერგვა, როცა არა მხოლოდ დედაქალაქს ვსტუმრობთ, არამედ - რეგიონებსაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივა, კარგი ტრადიციაა და ამ ტრადიციას ვაგრძელებთ დღეს ამ რეგიონში სტუმრობით. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრობას, ძმობას, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს. გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა, აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული, ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები, კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს.

ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც უკვე განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო, მოგეხსენებათ, არის ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანა ამ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა მაგალითად შავი ზღვის ელექტროკაბელი, რათა განვავითაროთ ე.წ. მწვანე კორიდორი. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი პოტენციალი, რომ მივაწოდოთ ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა საუბარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×