რეზონანსი
18.04.2023

ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ წილხვდომილი ქვეყანა მისი. ამიტომ მივმართოთ ჩვენი გულები და ლოცვა დედა ღვთისმშობლისკენ, რომ თავისი მადლით დაიფაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო! - ამის შესახებ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

„დღეს არის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი. თქვენ იცით, რომ ეს კვირა თავისი მნიშვნელობით უტოლდება აღდგომის დღესასწაულს. ასევე გილოცავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის ნაკურთხი ეს დიდებული ტაძარი. ამდენად, ყველას, ვინც ამ ტაძარში მსახურობთ: მამა შიო, შრომობთ, გალობთ, ტაძრის აღმშენებლებს, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ ტაძრის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

სააღდგომო საგალობლებში არის ასეთი სიტყვები: „აჰა, ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა". და აი, რა სიხარულია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვრის მიერ, რომელზეც გაკრული იყო ღმერთკაცი? ეს ის სიხარულია, რომ ძე ღმერთმა მიიღო კაცობრივი ბუნება და დაგვიბრუნა ჩვენ უკვდავების შესაძლებლობა.

თქვენ იცით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა და მოკვდა, მაგრამ ასევე მკვდრეთით აღდგა. ამ მკვდრეთით აღდგომით მან დათრგუნა სიკვდილითა სიკვდილი და დაუბრუნა ადამიანს უკვდავების შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა პირველ ადამიანს შექმნისას და არ იყო მოკლებული უკვდავებას.

თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, იგი არც აუცილებლად მოკვდავი, არც აუცილებლად უკვდავი იყო. წმინდა მამები წერენ, რომ იგი პოტენციურად უკვდავი იყო, მას ჰქონდა უკვდავების შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მას შეეძლო მიღება სამოთხეში მყოფი სიცოცხლის ხის ნაყოფისა. როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ისინი დაშორდნენ ამ სიცოცხლის წყაროს - ღმერთს - და გახდნენ მოკვდავნი, მათში შემოვიდა სიკვდილი.

და აი, უფალმა იესო ქრისტემ დაუბრუნა ადამიანს უკვდავების შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ ეს წყალობა არ იკმარა უფალმა, არამედ ჩვენ, ჩვენს ბუნებას, მოგვცა კიდევ სხვა ძალა და შესაძლებლობაც. ეს არის ის, რომ შეგვიძლია ბოროტების დაძლევა და შეგვიძლია, გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვართ ჩვენი ბუნებით.

როგორც იცით, საწყისი ბოროტებისა არის ეგოიზმში, თავის მოყვარეობა.უფალმა იესო ქრისტემ დაგვიბრუნა ჩვენ ეს ძალა, რომ დავთრგუნოთ და დავამარცხოთ ბოროტება.

აი, ამდენად, ეს ორი დიდი ძალა და შესაძლებლობა მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ თავის მკვდრეთით აღდგომით: დაგვიბრუნდა ფიზიკური უკვდავება, უკვდავების შესაძლებლობა და ასევე ის, რომ სულიერად ფერი ვიცვალოთ, დავამარცხოთ ბოროტება და გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვართ. ძალა და შესაძლებლობა ღმერთისა და ადამიანის სიყვარულისა, როგორც ჩვენი ზნეობრივი ბუნების მისწრაფება.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ის სიხარული, რომლითაც ხარობს დღეს ყოველი მორწმუნე.

დღეს დღევანდელი დღის სიხარული ორმაგდება ასევე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულით. შეგვეწიოს ჩვენ მისი მადლი, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, მეოხი წინაშე ღვთისა, შუამდგომელი და მას ვუყვარვართ ჩვენ, როგორც საკუთარი შვილები და მუდამ ლოცულობს ჩვენთვის ღვთის წინაშე.

საოცარია ის, რომ ჩვენი ერი არის წილხვდომილი მისი, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაანახა მთელ სამყაროს იმით, რომ ქართულ მონასტერში მიბრძანდა მისი „პორტაიტისად" წოდებული სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე ჩვენს ეკლესიაში.

ყოვლადწმინდა დედა იმდენად აღემატება ანგელოზთა სამყაროსაც კი, რომ მისი ღირსებისა და მდგომარეობისა ეს განსხვავება რომ დავინახოთ, შეიძლება გავიხსენოთ ის, რა წერია წმინდა წერილში მასზე, მაგალითად, ანგელოზთა უმაღლეს დასზე, სერაფიმებზე. ისაია წინასწარმეტყველი წერს: „ისინი იდგნენ გარემოის უფლისა, გვერდით იდგნენ გარემოის ღმრთისა", ხოლო ღვთისმშობელზე წერია: „დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა" - აი, განსხვავება. თუ ანგელოზები და სერაფიმებიც კი იდგნენ გარემო უფლისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დგას მარჯვენით მისა უახლოეს. მაგალითად, წმინდა გრიგოლ პალამა წერს, რომ ყოველგვარი სიწმინდე და კურთხევა ადამიანებს მიენიჭებათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებით და წყალობით, თავად ღმერთი აქებს მას და მთელ სამყაროს აჩვენებს, რომ იგი არის უმშვენიერეს ყოველივე ხილულისა და უხილავისა, ყოველივე სამყაროსი.

აი, ასეთი დიდებული დღეა დღეს. ვმადლობთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ წილხვდომილი ქვეყანა მისი. ამიტომ მივმართოთ ჩვენი გულები და ლოცვა დედა ღვთისმშობლისკენ, რომ თავისი მადლით დაიფაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მისი შეწევნით, უფალმა მოგვცეს ძალა, რომ აი, ეს აღდგომის მადლიანი და წმინდა დღეების სიხარული მთელი ცხოვრება, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე შევინარჩუნოთ, რომ ამ სიხარულით შევიდეთ ცათა სასუფეველში, რომლის კარიც გაგვიღო ჩვენ აღდგომამ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ქრისტე აღდგა!", - განაცხადა მეუფე შიომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×