რეზონანსი
19.04.2023

იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო... - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რა­სთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხვიჩა ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგაც ოჯახზე ფიქრობს, რომ მათ არაფერზე ინერვიულონ.

„ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით! ხვიჩასთვის პირველ პლანზე არის ფეხბურთი და შემდეგ ყველაფერი სხვა. უფრო სწორად, ჯერ სიყვარულისა­ და თანაგრძნობის უნარი, შემდეგ კი - ფეხბურთი­ და სხვა დანარჩენი. ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგ კიდევ ჩვენზე­ ფიქრობს.

დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებსო. არადა, როგორი გასაძლებია, რაც "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ ხდებოდა?! გვირეკავდნენ, მოგონილ ნიუსებს ავრცელებდნენ სათაურებით: "ხვიჩას ბებია გარდაიცვალა", "ტრაგედია ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში" და ა.შ.

ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის. ვერ აიტანეს, რომ უამრავი პრობლემით დამძიმებული ხალხი იმედით აავსო ფეხბურთში მიღწეულმა მცირე წარმატებებმა. ასეთ ხალხს არც მივიჩნევ ქართველებად: თავისი ქვეყნის, თავისიანის წარმატება რომ არ უხარია და ბოღმით ივსება, რაღა ქართველია? სამიზნე მხოლოდ ხვიჩა და ჩემი ოჯახი რომ იყოს, ჩვენ კი მოვითმენთ, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას, იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო...

თურმე მათ უნდა შევუთანხმოთ, ჩემი შვილი პატრიარქს ესტუმროს თუ არა. ნეტავ, ამაზე მეტი საგინებელი არ ჰქონდეს ჩემს ოჯახს, გვარს და სანათესაოს! ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, როცა საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივზე კათოლიკოს-პატრიარქი და თამარ მეფე დახატეს?! თუმცა ჩემი შვილი იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე ავიტანთ", - აცხადებს ბადრი კვარაცხელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×