რეზონანსი
26.04.2023

ქართული დელეგაციის ვიზიტი მესამე დღეა სტრასბურგში გრძელდება. დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიასა და საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობენ.

ერთ-ერთ მთავარი შეხვედრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დღეს დაგეგმილი აქვს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომელთაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მათთან დისკუსია შედგება, თუ როგორ სრულდება 12 რეკომენდაცია.

სტრასბურგში ვიზიტის ძირითად მიმართულებად ქართული მხარე 12 პუნქტის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მოლოდინს ასახელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული მხარე არ დატოვებს არც ერთ დეტალს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას.

"უსაფრთხოების ამ პირობებში, რომელიც დღეს არსებობს ევროპაში და ჩვენს რეგიონში, საქართველოს დატოვება კანდიდატის სტატუსის მიღმა, ევროკავშირის ამ მნიშვნელოვანი ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაააქტიურებს რისკებს. უკრაინის მაგალითზე ეს გამოჩნდა, სწორედ ამიტომ, კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენის მხრივ, არ დავტოვებთ არც ერთ ნიუანსს, არც ერთ დეტალს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას.

რეიკიავიკის სამიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოს საკითხი იყოს განხილული და გაჟღერებული მაღალი დონის დღის წესრიგში და ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ მოცემულობის გააზრებას, რომელიც საქართველოზე ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მნივშნელოვანია, რეიკიავიკის სამიტზე მისაღებ დოკუმენტში ასახული იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სასესიო კვირაში უზრუნველყონ ის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი დოკუმენტი რეიკიავიკში მაისის თვეში სამიტზე, რომელშიც იქნება ასახული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის დეოკუპაციის საკითხი და გვაქვს მუშაობა ჩვენს პარტნიორ დელეგაციებთან და გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინები, რომ დოკუმენტი იქნება შესაბამისი, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საქართველოს დეოკუპაციისკენ და დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×