რეზონანსი
26.04.2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.

დღევანდელ პროტესტს აქონდროპლაზიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის კლასელები შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათ ადგილზე მოიტანეს ბანერები წარწერით: „წამალს ვიმსახურებთ", „ჯანმრთელობა ბავშვებს! ძალა ერთობაშია, წამალი დაიდოს!", „ჩვენ გვჭირდება წამალი!".

ერთ-ერთი მშობლის, თამუნა გელაშვილის განცხადებით, აქციები 24-საათიან რეჟიმში კვლავ გაგრძელდება.

„24-საათიან აქციებს ვაგრძელებთ, არც ერთი მშობელი არ დაღლილა. პირიქით, უფრო გავძლიერდით. დღეს ჩემი შვილის კლასელები მოვიდნენ. ამ მომენტში ერთად დგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედაც, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მეგობრები და კლასელები უნდა მოვიდნენ. დედებს მინდა მივმართო, რომ ყველა დაგვიდგეთ გვერდით, რათა ჩვენს შვილებს წამალი რაც შეიძლება მალე მიეწოდოთ", - განაცხადა თამუნა გელაშვილმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირისკენ დღეს, 19:00 საათზე მსვლელობაც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე ერთი კვირაა აქციებს 24-საათიან რეჟიმში, საჭირო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის მოთხოვნით მართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×