რეზონანსი
05.05.2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან", შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.

„ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა ობიექტები.

გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×