რეზონანსი
16.05.2023

ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ამ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ვერ არჩევა, აქედან გამომდინარე, ერთი წელია, არ გვეუბნებიან, ვის დაუჭერენ მხარს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დაახლოებით ერთი წელია, ვართ ამ რეჟიმში, ასარჩევი გვყავს იუსტიიის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ხუთი წევრია ასარჩევი 90 ხმით, შესაბამისად, საჭიროა ოპოზიციის წარმომადგენელთა ხმებიც მათ ასარჩევად. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის მისაღებია 15-მდე კანდიდატი, ეს არაერთგზის ითქვა საჯაროდ ჩვენი მხრიდან. ესენი არიან ის კანდიდატები, რომლებიც, ჩვენი აზრით, აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენციის კრიტერიუმს, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რომლებმაც სათანადოდ წარმოაჩინეს თავი გასაუბრებაზე. ასეთი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კვალიფიციური იურისტები არიან წარმოდგენილი და მათ შორის შესაძლებელია ხუთი წევრის არჩევა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ხუთ კანდიდატს. ჩვენი აზრით, ხუთზე მეტიც არის ისეთი, რომელიც იმსახურებს იუსტიციის საბჭოს წევრობას. კონსულტაციების საფუძველზე მზად ვართ, 15-დან ხუთს დავუჭიროთ მხარი. ასევე ვთქვით, რომ არ გვინდა ამ გვარების ჩვენგან დასახელება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას დარჩეს მაქსიმალური სივრცე, არ შეიზღუდოს ზედმეტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ მათი დასახელებისგან. იმის რისკიც არის, რომ ჩვენ რომ ვიტყვით 15-ს, მაინცდამაინც ამ 15-ის მიღმა დაასახელონ სხვები და ა.შ. მართალია, არ ესწრებოდა მათი უმეტესობა გასაუბრებებს, მაგრამ არსებობს ჩანაწერები, ჩართონ, ნახონ ჩანაწერები, მათ შორის ბიოგრაფიებს გადახედონ და ნახონ, ვის ეკუთვნის მათგან იუსტიციის საბჭოს წევრობა. ისინი ხომ ამბობენ, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი, კომპეტენტური ადამიანი, ვინც უნდა აირჩეს ამ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რა აბრკოლებთ ასეთი კანდიდატების დასახელების დროს? ვფიქრობ, აბრკოლებთ ერთადერთი რამ, მათ აქვთ ერთგვარი თვითმიზანი, როგორც არ უნდა შეეძლოთ, ხელი შეუშალონ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას და უზრუნველყონ ამ პუნქტის არშესრულება. ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ამ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ვერ არჩევა, აქედან გამომდინარე, ერთი წელია, არ გვეუბნებიან, ვის დაუჭერენ მხარს.

ჩვენ ვამბობთ, რომ 15-მდე კანდიდატია, ვინც იმსახურებს წევრობას. კენჭისყრაზე გამოვა ყველა შემთხვევაში, შეიძლება, ხვალაც გამოვიდეს, ვნახოთ, კენჭისყრაზე გამოვა 29 კანდიდატურა. ჩვენ ვისზეც მიგვაჩნია, რომ იმსახურებენ იუსტიციის საბჭოს წევრობას, მხარს დავუჭერთ, ვისზეც არ მიგვაჩნია, არ დავუჭერთ, მოკლედ, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. რაც შეეხება ოპოზიციას, მათაც დააფიქსირონ საკუთარი გადაწყვეტილება კენჭისყრის დროს. თუ ჩავარდება, ჩავარდება. რეალურად გამოჩნდება, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვის რა დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. თუ ისინი ჩააგდებენ ყველა კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში, მარტივად გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია, კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ.

თუ ჩავარდება, თავიდან ცხადდება ისევ ეს კონკურსი და სექტემბერში შეგვიძლია, დავუბრუნოთ. ვიდრე კანდიდატის სტატუსი განიხილება, იქამდე. სექტემბერშივე შეგვიძლია, თავიდან დავაყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე, რისკი მაინც და მაინც დიდი არ არის.

ამ კვირაში გაიმართება კენჭისყრა, ვნახოთ, როგორ დამოკიდებულებას გამოავლენენ, დაველოდებით მათ პოზიციას, ამის მიხედვით გამოჩნდება, არსებობს თუ არა კონსენსუსის რესურსი", - - განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×