რეზონანსი
17.05.2023

მელია რომ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. ხაბეიშვილის პოლიტიკური პაროდიის გათავმჯდომარეობამ გამოიწვია ის, რომ პარტიაში შიგნით, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. უკვე თვლიან, რომ ყველაფერი მოსულა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას გამოეხმაურა, რასაც მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, „ამ უცნაური თავმჯდომარის ვითომ გადარჩევით და მოლოდინების შექმნით, რომელიც რეალიზებული არ არის, „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, ფაქტობრივად, მოკლეს".

მისივე თქმით, პარლამენტში მომხდარ დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას" - პარტიას, რომელიც ერთ დროს ძალიან ეკლექტური იყო და დღეს ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

„ხაბეიშვილი არ არის ავტორიტეტი. მელია რომ ყოფილიყო თავმჯდომარე უბრალოდ ვერ გაბედავდნენ, მოერიდებოდათ, ცოტა მეტი დისციპლინა იქნებოდა. ხაბეიშვილმა ტრიბუნით სირბილის მეტი რა იცის?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ხაბეიშვილს ავტორიტეტად, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, „ნაციონალურ მოძრაობაში" არავინ თვლის. მით უმეტეს, ხაბეიშვილს კიდე უფროსები ყოფილა ორი, თუ სამი", - აღნიშნავს ხუხაშვილი.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პოსტზე „ქართული ოცნების" კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, გარკვეული პერიოდია, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან დისტანცირებულები არიან და რაღაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს გეგმავდნენ.

მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტი იმდენად კატასტროფული სტარტია, რომ დეპუტატები ლამის ოპოზიციიდან გააძევეს.

გარდა ამისა, გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მთლიანად ოპოზიციის სისუსტეზე დგას.

მისივე თქმით, დღევანდელი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციური სპექტრიდან გამომდინარე, ხელისუფლება ფაქტობრივად, ქვეყნის სამართავად უალტერნატივოა.

„ხელისუფლების მთავარი კოზირი, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით საზოგადოებასთან სალაპარაკოდ არის ოპოზიცია. ხელისუფალი 10 თუ 12 წლის განმავლობაში არც არასდროს ამტკიცებდა, რომ თვითონ მაინცდამაინც კარგი ვიღაც იყო და კარგი რაღაცები უნდოდა. ის ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია მასზე უარესია და ოპოზიცია აძლევს ყველა არგუმენტს. თუნდაც დღევანდელი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან გამომდინარე ქვეყნის სამართავად არის უალტერნატივო. როდესაც ადამიანები ელემენტარულ რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ან თანხმდებიან და მერე შესრულება უჭირთ, ამათ ქვეყანას კი არა ორ ბატს ვერ ჩააბარებ. შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების ამოცანა, რომ მოახდინოს სრული კომპრომეტაცია და დისკრედიტაცია ოპოზიციის და ესენიც ძალიან წარმატებით უსრულებენ ამას ქართულ ოცნებას" - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×