რეზონანსი
18.05.2023

ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად არავის დასაძრახი და შესასწორებელი არ აქვს იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელსაც ატარებს ჯანდაცვის, დევნილთა განსახლების თვალსაზრისით და სოციალური მიმართულებით,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის" ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველო სამაგალითოა სოციალური სოლიდარობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„გამოწვევები არსებობს, რადგან ჩვენ ჩავიბარეთ გაპარტახებული სამედიცინო სფერო, რომლის მიზეზიც იყო გაუაზრებელი პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ტარდებოდა. ყველაზე მწვავედ ეს თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენმა მოქალაქეებმა შევიგრძენით მაშინ, როდესაც დავდექით გლობალური პანდემიის საფრთხის წინაშე. ეს იყო დიდი გამოწვევა და ვთვლი, რომ კარგად გავართვით თავი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ოჯახის წევრი და ახლობელი, მაგრამ ძალიან ბევრი გაკვეთილიც ვისწავლეთ და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ვერავინ დაძრახავს სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმები, რომელიც ტარდება არის ძალიან მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მედიკოსების შრომის ანაზღაურებაზეც ისაუბრა.

„მართლაც ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან მედიკოსები, ექთნები, ექიმები რეგიონებში და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც დარეგულირება სჭირდება. რეგიონებში არიან კვალიფიციური მედიკოსები, მაგრამ მათ არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება და სამინისტრო ამ მიმართულებითაც ფიქრობს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×