რეზონანსი
21.05.2023

არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას! ეს არ არის სასამართლო -არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან, მის შესახებ „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას გზავნილშია ნათქვამი, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, სასამართლო რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფებაა.

„დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას, ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს, ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!"- აღნიშნულია გზავნილში.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან" აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება".

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარია" ჩართეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×