რეზონანსი
22.05.2023

„ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის 20% მტერს ჩააბარა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ იყოს განხილული მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს.

„ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია „ნაცმოძრაობის" ინიციატივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სტრატეგიულ მიმართულებას ეხება. რასაკვირველია, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა. „ნაციონალური მოძრაობა"არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის 20 პროცენტი მტერს ჩააბარა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა, რადგან ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს. სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩააბარა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული.

საქართველოში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი საქმიანობა, აქტივობები და ის ადამიანები, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. ამას რაიმე დამატება ან უკეთ ჩამოყალიბება თუ სჭირდება, რასაკვირველია, ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან", რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა. ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის როგორც დღეს, ასევე ხვალ. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია და ის, რომ საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

რასაკვირველია, ორმაგი სტანდარტია - მაშინ სხვა აზრზე იდგნენ, დღეს სხვა აზრი აქვთ. დღეს ამართლებენ ვითომ რადიკალურ პოზიციას. ვფიქრობ, ეს არის პროვოკაციული პოზიცია, მაგრამ ვიდრე ორმაგ სტანდარტზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, მოღალატეობრივი, მძიმე დანაშაულებრივი შეცდომები ხშირ შემთხვევაში დიდ ეჭვსა და კითხვებს ბადებს, იყო თუ არა საერთოდ შეცდომა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. ფაქტია, არსებობდა საერთაშორისო ამერიკული და ევროკავშირის მიერ შედგენილი საგზაო რუკა, რომელიც განზრახ გადახიეს, განზრახ მოახდინეს მისი ანულირება და შეუწყვეს ხელი რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპაციის მოხდენას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×