რეზონანსი
22.05.2023

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, ძალიან სახიფათო ზღვარზე დადის, ყოველდღიურად წითელ ხაზებს ლახავს - მაქვს განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ, ხელი აიღო ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროსთან აკავშირებდა

მისი თქმით, ახლა, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

„არ შემიძლია დავადასტურო ბათუმი - ნოვოროსიისკის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა, მაგრამ ერთი წამით არ გამიკვირდება, რომ ხვალ და ზეგ ეს დოკუმენტურად დადასტურდეს. სწორედ ამგვარი განცხადებების და ინფორმაციების ლეგიტიმაციას ქმნის საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აკეთებენ ამას, მაქვს განცდა, რომ საერთოდ ხელი აიღო „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროსთან აკავშირებდა. ქვეყანამ, სავარაუდოდ, დაკარგა იმედი, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რაიმე პროგრესი შესაძლებელია, ამიტომ ახლა ძალაუფლების შენარჩუნების გარდა ორიენტირი არ აქვთ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რაც დასჭირდებათ, ყველაფერს გააკეთებენ. ამ გზაზე ყოველთვის ყველა ხელისუფლება უშვებს შეცდომას. ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებსა და ინსტრუმენტებს ისინი სულ სხვაგვარად ხედავენ ხოლმე, ვიდრე საზოგადოება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელმა მიმდინარე პროცესებში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეკემბრისთვის ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ გამარჯვების უნარიანია. თუმცა, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციას ამ მიმართულებით „ნიშანწყალი არ ეტყობა".

„ოპოზიციამ უნდა მოახერხოს, დეკემბრამდე, საკრალურ მომენტამდე, როდესაც კანდიდატობის სტატუსი გადაწყდება, ჩანდეს მინიმუმ კონტურები, რომ ოპოზიციური ერთობა სახეზეა და ბრძოლისუნარიანია. ამის გარეშე, მოლოდინი, რომ ხელისუფლება ან პოლიტიკა შეიცვლება 2024 წელს, არ არსებობს. ევროკავშირი უნდა ხედავდეს, რომ ხალხი იბრძვის, პოლიტიკური ოპოზიციაც. ამ ბრძოლის დაგვირგვინება რომ შესაძლებელია პროევროპული პოლიტიკით, ამ რუსული გაუგებრობის შეცვლით, ეს უნდა ჩანდეს წლის ბოლოსთვის. ამის გარეშე დიდ წარმატებაზე და გამარჯვებაზე საუბარი რთული იქნება. ჯერჯერობით ქართულ ოპოზიციას ნიშანწყალი არ ეტყობა, რომ ამ მიმართულებით რამეს ფიქრობს. მორიგ ქაოსში არიან ჩავარდნილები, იმის ჩვენებით, თუ ვის უფრო დიდი რქები აქვს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ყველაზე დიდი მეგობარია იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად გაჯიქდებიან ევროპულ გზაზე, მეტ მოტივაციას გაუჩენს ნათელ მხარეს მყოფ ადამიანებს, რომ ერთად იბრძოლონ ამ რუსული სიმახინჯის მოსაშორებლად",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×