რეზონანსი
24.05.2023

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამდენი წლის განმავლობაში შეძლო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

მისი თქმით გიორგი ვაშაძეს ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე დიდი ზიანი მიადგა რეპუტაციაზე, რომელიც არც მანამდე ჰქონდა და ყველანაირი აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „ქართულ ოცნებას" უნდა რუსეთთან ომი, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის გაათამაშოს - არ გამოვრიცხავ სცენარს, რუსეთთან ერთად პროვოკაცია დაიგეგმოს".

„ადვილი გამოსაცნობია, რას ფიქრობს საზოგადოება და ზოგადად სხვები ბატონ გიორგი ვაშაძეზე, რომელსაც როგორც პოლიტიკოსს, აქვს ნოლი რეპუტაცია, სანდოობისა და სერიოზულობის ხარისხს თუ შევაფასებთ. მე კიდევ ჩემი დამატებითი მოსაზრება მაქვს მასზე, ვინაიდიან რვა წელი ვიმსახურე იუსტიციის სამინისტროში, სადაც ის ადეიშვილის დროს მუშაობდა და რეალურად მისი რეპუტაცია იყო ადეიშვილის „ცუნპუშად" მუშაობა. ახლა „ცუნპუშა" რას იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მას იმ რეპუტაციაზე, რომელიც არც მანამდე ჰქონდა, დიდი ზიანი მიადგა ქოლცენტრების საქმიდან გამომდინარე, როდესაც ის ბატონ არახამიასთან ერთად, ქოლცენტრების სამარცხვინო და მძარცველ სქემაში აღმოჩნდა ჩართული. ყველანაირი აბსურდის ხარჯზე ცდილობს ამ ამბის საზოგადოებისთვის დავიწყებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად დავიწყებას ვერ მიეცემა, მას პირველ რიგში, კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.

რაც შეეხება ომს, თუ ომი ვინმეს სურს, სწორედ მისი პარტიაა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" და არავის სჯერა, რომ ეს დაქსაქსული მოცემულობები რაიმეს წარმოადგენენ, ისინი ყველა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის" სპიკერები და წევრები არიან. ეს რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეძლო ამდენი წლის მანძილზე ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა და ომის თავიდან აცილება. ეს ყოველ წუთიერი შრომაა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის ხელმძღვანელობის და მმართველი პარტიის მხრიდან. ყოველ წუთიერი შრომა, რათა ომი თავიდან იქნას აცილებული, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×