რეზონანსი
24.05.2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთობასთან დაკავშირებულ „ხუნდაძის განცხადებებში რუსული ოკუპაციის ხსენება არ არის“. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ოპოზიცია გადაეჩვია ისე წაკითხვას, როგორც წერია. ისე იგებს, როგორც მას სურს - რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინას და რუსეთს შორის დაპირისპირება, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტში გადაიზარდა მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს.

„ოპოზიცია გადაეჩვია ისე წაკითხვას, როგორც წერია. ისე იგებს, როგორც მას სურს. ეს ასე არ არის, მით უმეტეს, „ხალხის ძალა" სთავაზობს რეალურ პოლიტიკას და არა კულისებში მიმდინარეს. ჩვენ ეს საქმითაც დავადასტურეთ, როდესაც გავხსენით კულისები, რაც სახიფათო იყო, როდესაც იმდაგვარი გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, რაც საზოგადოებას ეხებოდა, საზოგადოება ამის საქმის კურსში არ იყო. ჩვენი პოლიტიკა გრძელდება. ეს არის რეალური პოლიტიკა და არა ვიღაცის სარგებელზე გასული. ჩვენ ყოველთვის ვგეგმავთ ქვეყნის სასიკეთოდ, საზოგადოების ინტერესების დაცვით და არა ვიწრო პოლიტიკური შინაარსით. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია. უკრაინას და რუსეთს შორის დაპირისპირება, რომელიც გადაიზარდა დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ოკუპაციას ოკუპანტის სასარგებლოდ ჰქონდეს დასასრული. მე ეს მკაფიოდ მითქვამს. ჩემთვის უმთავრესი ინტერესია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების დაცვა. პუტინი თავის ხელისუფლებასთან ერთად, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში ოკუპანტია. ჩვენ ოკუპაციის ბრჭყალები უნდა გავხსნათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა მხოლოდ ვიღაცის გულის მოსაფხანად გარკვეული იარლიყებით სარგებლობა, ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს",- აღნიშნა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ღარიბაშვილის და ხუნდაძის განცხადებებში რუსული ოკუპაციის ხსენებაც კი არ არის".

„გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს კი ყველასთვის ცნობილმა ივანიშვილის სპიკერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ერთი და იგივე გზავნილი გააჟღერეს გუშინდელ დღესთან - აფხაზეთობასთან და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიასთან მიმართებაში. არც ერთ განცხადებაში, რომელიც მათ გააკეთეს, არათუ რუსეთის მიერ 90-იან წლებში აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები, გენოციდი და ეთნიკური წმენდა, საერთოდ რუსული ოკუპაციის ხსენებაც კი არ არის არსად", - აღნიშნა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×