რეზონანსი
24.05.2023

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიას განცხადებით სახელმწიფოს შესაძლებლობებს არასათანადოდ აფასებენ. მისივე თქმით ნებისმიერი სახის ძალადობაზე, საქმიანობაზე, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება ექნება.

„არ ვიცი, თარგამაძეს საკუთარი თავი რა მდგომარეობაში როგორ წარმოუდგენია, ამ დეტალებში არ შევალ. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე, ბუნება. ისინი ვერ მოქმედებენ, ვერ ოპერირებენ დემოკრატიულ განზომილებაში, დემოკრატია მათი ოპერატიული განზომილება არ არის. ორიენტირებული არიან ძალადობაზე, ძალმომრეობაზე. ძალადობა არის ერთადერთი ელემენტი, რაზეც ფიქრობენ და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ საშუალებად აღიქვამენ, თუმცა ისინი არასათანადოდ აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს, სახელმწიფოს შესაძლებლობებს, არასათანადოდ აფასებენ ქართველი ხალხის განწყობებს. ნებისმიერი სახის ძალადობაზე, საქმიანობაზე, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება ექნება", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, საქართველო თარგამაძის ასარევი ქვეყანა არ არის.

„ამ ადამიანებს რეალური შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ. კარგად ვნახეთ, რას უშვებოდნენ ქვეყანას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ვხედავთ, რა არის დღეს მათი სურვილი, სულისკვეთება, მაგრამ გარწმუნებთ, თარგამაძისა და მისი თანამოაზრეების ასარევი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, ამ სახელმწიფოს ჰყავს ინსტიტუტები, ძლიერი სამართალდამცავები, უსაფრთხოების სტრუქტურები. ნებისმიერი სახის ძალადობას და მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება ძალადობისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, კონსტიტუციური ჩარჩოების მიღმა მოქმედებისკენ, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და მკაცრი რეაქცია ექნება", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გივი თარგამაძემ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით". თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც. ამასთან, გივი თარგამაძემ აღნიშნა: „მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი". მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×