რეზონანსი
26.05.2023

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა შეაფასა

გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში.

„ხელისუფლება ქართველ ხალხს ობსტრუქციას უწყობს. ამ ქვეყნის უმრავლესობა არის პროდასავლური, ევროკავშირისკენ მიმავალი და ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, არღვევენ კონსტიტუციის მოთხოვნებს და ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დგას კონსტიტუციური ჩანაწერი, რასაც ჩვენი პროდასავლური გზა ჰქვია, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ხოლო პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი ანუ დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში.

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო. ის ფაქტობრივად ყველა ასპექტს შეეხო, ყველა პრეტენზიას, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან არის წაყენებული ხელისუფლების მიმართ, იყო საკმაოდ პრინციპული, საკმაოდ მკვეთრი და გასაგები", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი კარგი განცხადებების მიუხედავად, მის გამოსვლებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ეფექტი არ აქვს, რადგან მან პრეზიდენტობის პირველ წლებში ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა.

„მოდით, ობიექტურობისთვის ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეწონა. მე მინდა დღევანდელი გამოსვლის გამო მას საკუთარი პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ მის გამოსვლებს შიდა პოლიტიკური გაგებით ეფექტი არ აქვს იმიტომ, რომ მან თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასაც გაუჩინა გარკვეული სკეპტიციზმი და უნდობლობა მის მიმართ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის თავიდან ასაცილებლად არ მივიდა.

„მას ესმოდა რას გააკეთებდა იქ სალომე ზურაბიშვილი. მას სალომე ზურაბიშვილის მიმართ ძალიან ბევრი ცუდი რაღაცები აქვს ნათქვამი და გაკეთებული და კობახიძე ჩემთვის არის პოლიტიკური სოციოპათი. პოლიტიკური სოციოპათისთვის დამახასიათებელია, რომ მას შეუძლია მილიონი ადამიანის დახვრეტაზე ხელი მოაწეროს ისე, რომ ნერვი არ აუტოკდეს, მაგრამ კონკრეტული მსხვერპლისთვის ან ოპონენტისთვის თვალებში ჩახედვა არ შეუძლია იმიტომ, რომ შინაგანად ძალიან სუსტი და მხდალია. კობახიძე არის ძალიან მხდალი ადამიანი. შორიდან ხომ ლანძღავს, ცილს სწამებს, ათას უბედურებას აბრალებს, მაგრამ ის ემალება პირდაპირ კომუნიკაციას, რომ ვიღაცამ პასუხი არ მოსთხოვოს, თვალებში ჩახედოს. ეს ძალიან მძიმე პოლიტიკური დაავადებაა, შესაბამისად, ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კომუნიკაციას, შეეშინდა უბრალოდ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×