რეზონანსი
29.05.2023

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დღეს ავტოსადგურებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცეს და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნეს.

დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი სამგზავრო გადაყვანის სანებართვო სისტემაში მოქცევასა და გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას ითვალისწინებს. ასევე, ცვლილებებით, ავტოსადგურების სერტიფიცირება მოხდება.

"კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ჩვენი სახმელეთო სააგენტოს მიერ.

დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოვაგზალი არსებობს, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ ხარისხიც დაბალია. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, აისახება ტურიზმზეც და ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში პროექტის მიხედვით ავტოსადგურების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები იქნება, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის ავტოსადგურები განისაზღვრება: პირველი, მეორე და მესამე კლასი. სამი კლასი, იმის მიხედვით თუ როგორ მუნიციპალიტეტებში იქნება. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის სადგურები, ხოლო ძალიან პატარა მუნიციპალიტეტებში მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტის პირობების გათვალისწინებით, რაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ," - ამბობს დავითაშვილი.

მინისტრის განმარტებით, ავტოსადგურების სერტიფიცირების წესს მთავრობა დაადგენს, ბილეთების სისტემა კი ელექტრონული გახდება.

დავითაშვილი განმარტავს, რომ, სავარაუდოდ, რეფორმა სრულიად 2025 წლის მაისისთვის უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს რომ პროექტები "აწარმოე საქართველოს" ფარგლებშიც განიხილონ.

"ბუნებრივი ინვესტიციებს საჭიროებს ეს და ამ ინვესტიციებისთვის ჩვენ მზად ვართ რომ განვიხილოთ მათ შორის "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გარკვეული პროექტები და შეღავათები, იმ კომპანიებისთვის ვისაც ექნება სურვილი რომ მიიღონ მგზავრთა გადაყვანაში მონაწილეობა. ეს ეხება სატრანსპორტო კომპანიებს, ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, იმიტომ რომ სატრანსპორტო საშუალებები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება ავტოსადგურებს, ავტოსადგურებთან არაერთი კონსულტაცია გვქონდა და არსებობს მზაობა, რომ მათ განახორციელონ ინვესტიციები თუ თამაშის წესები იქნება მკაფიო და იქნება კონკურენტული გარემო. ახალი კანონმდებლობა ზუსტად ამას უზრუნველყოფს და აქ არ უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის შეფერხებას," - ამბობს მინისტრი.

დავითაშვილმა ბრიფინგზე სამგზავრო ბილეთების ფასების სავარაუდო გაძვირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გაძვირება არ მოხდება, რადგან პროცესი იქნება "ძალიან გამჭვირვალე და პროგნოზირებადი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×