რეზონანსი
10.06.2023

„ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, არ ვიცი სად ცხოვრობენ, ხაბეიშვილის ინფორმაციებით იკვებებიან და კი ვხედავთ, რა ვითარებაში არიან და რა მდგომარეობაში იმყოფებიან. ასე რომ, გააგრძელონ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ! - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტისა და კანცლერ შოლცთან შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია უერთდება გერმანიის კანცლერის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. აქვე, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ ევროკავშირის მიერ ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით იმას, რომ ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩართული. მეტიც, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესს, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას ამ რთულ გზაზე. ახალი არაფერი - როგორც წლების წინ მიმდინარეობდა მცდელობა იმისა, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციისთვის, ასოცირების ხელშეკრულებისთვის, დარბოდნენ ბრიუსელში კაბინეტებში, დღესაც იგივე ხდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მის შესრულებასთან დაკავშირებით და უკვე დეკემბერში ყველაფერი იქნება დამოკიდებული ჩვენს ევროპელ მეგობრებზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა ისეთი უსამართლო, როგორც გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი და საქართველო დაჩაგრეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×