რეზონანსი
11.06.2023

ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. მდინარე დნეპრში წყლის დონე სულ უფრო იმატებს. შესაბამისად, მიმდებარე სოფლები იტბორება, კახოვკის წყალსაცავში კი წყლის დონე კრიტიკულად ეცემა.

6 ივნისის დილას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული დანაყოფი "სამხრეთის" ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ხერსონის ოლქში მდებარეობს. მოგვიანებით, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რა საფრთხეებს ქმნის ეს ფაქტი, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

მართალია თუ არა, რომ კახოვკის ჰესის აღდგენა შეუძლებელია?

რუსეთის არმიამ კახოვკის ჰესი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს აიღო. უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, გასული წლის ოქტომბერში სადგური სრულად დანაღმული იყო და მას 2023 წლის 6 ივნისამდე რუსი სამხედროები  აკონტროლებდნენ. ჰიდროელექტროსადგურის დაზიანების შესახებაც სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი. „განადგურებულია 16 სარქველი, ჰესის შენობა, კაშხალი და ადმინისტრაციული კორპუსი. სადგურის აღდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა „უკრჰიდროენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა იგორ სიროტამ. კახოვკის ჰესს სწორედ ეს კომპანია ფლობს. 

უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, 80-მდე დასახლებული პუნქტის დატბორვის საფრთხე არსებობს. "დატბორილ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ევაკუაციას ვაგრძელებთ. საევაკუაციო ღონისძიებები ამჟამად ხერსონის ოლქიდან მიმდინარეობს. მატარებლები ნიკოლაევის მიმართულებით მოძრაობენ", - წერს შმიგალი თავის Telegram არხზე.

მისი განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და ტექნოგენური და გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომისიის საგანგებო სხდომა მოიწვია. რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, მდინარის მარჯვენა ნაპირზე კრიტიკული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა, დნეპრის მარცხენა ნაწილი გაცილებით დაზარალდა.

კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგები კატასტროფული იქნება

„უკრჰიდროენერგოს“ წინასწარი პროგნოზის მიხედვით, უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში, კახოვკის წყალსაცავის წყალი დნეპრის ქვედა დინებაში სრულად ჩაედინება. აქ 18,2 კმ³ მოცულობის წყალზეა საუბარი. ექსპერტების თქმით, კახოვკის წყალსაცავის დაცლა და დნეპრის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს.

„კახოვკის წყალსაცავი ძალიან სწრაფად იცლება. ეს არის შლამით დაფარული შიშველი ფსკერი, რაც ასობით სახეობის მცენარისა და ცხოველის სიკვდილს იწვევს. გარდა ამისა, ეს სამხრეთში სასმელი წყლის დეფიციტსა და გვალვას გამოიწვევს, რადგან ეს ტერიტორია სასმელი წყლით სწორედ კახოვკის ჰესიდან მარაგდებოდა“,-  აცხადებს უკრაინის ეროვნული ეკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გავრილიუკი. გარდა ამისა, მისი თქმით, დნეპრის ჭალის უნიკალური ეკოსისტემა და მდინარის ქვედა დინების ნაწილში მდებარე კუნძულები წყალქვეშ აღმოჩნდება და გაქრება.

თუმცა ახლა უკრაინაში ფიქრობენ იმაზე, თუ სასწრაფოდ როგორ აიცილონ თავიდან სხვა კატასტროფა - ძრავის ზეთი, რომელთაც კახოვკის ჰესის აგრეგატები შეიცავდა, არ ჩაიღვაროს შავ ზღვაში და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. „კახოვსკის ჰესის ტურბინებსა და ტრანსფორმატორებში 450 ტონა ზეთი ინახებოდა. რა რაოდენობის ზეთი დაიღვარა ზუსტად, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ გვესმის, რომ ეს მაჩვენებელი 150 ტონაზე მეტია. ის ახლა სადღაც დინებას მიჰყვება და საბოლოოდ შავ ზღვაში აღმოჩნდება“, - ამბობს DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში „უკრჰიდროენერგოს“ გენერალური დირექტორი იგორ სიროტა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც სერიოზულ ეკოლოგიურ შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას გაუთანაბრდეს. 

ემუქრება თუ არა საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს?

მიუხედავად იმისა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას უკრაინის ენერგოსისტემაში არსებულ ვითარებაზე პირდაპირ არ უმოქმედია და არც ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის საფრთხე არსებობს, უკრაინის ხელისუფლება საუბრობს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პოტენციურ რისკებზე, რადგან ამ ობიექტს რუსეთი აკონტროლებს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გაგრილების სისტემა წყალს სწორედ კახოვკის წყალსაცავიდან იღებს. „კახოვკის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის შემთხვევაში მისაღები აუცილებელი ზომების ჩამონათვალი და შესაბამისი ინსტრუქციებიც შემუშავებულია“, - განაცხადა სახელმწიფო საწარმო „ეროვნული ატომური ელექტროენერგიის გამომუშავების კომპანია „ენერგოატომის“ დირექტორმა პიოტრ კოტინმა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ენერგოატომის“ ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემებში წყლის დონის მდგომარეობას მუდმივად აკვირდებიან.

იმედინიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×