რეზონანსი
11.06.2023

უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრები, ნათესავები და სამართალდამცავები ჭიათურელ 27 წლის ბიჭს, ნიკა ხვედელიძეს უშედეგოდ ეძებენ. 7 ივნისს ნიკა ძმამ ჭიათურაში ნახა, უთხრა, რომ ცენტრში მიდიოდა და სახლში მალე მივიდოდა, მაგრამ სახლში არ მისულა.

ოჯახმა ნიკას ძებნა იმ ღამითვე დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე კვალს ვეღარ მიაგნეს. სოციალურ ქსელში ნიკას დედის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც ყველას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

"ნიკა ხვედელიძეს ვეძებთ, 7 ივნისს იყო ჭიათურაში, ქალაქში ძმამ ნახა, ესაუბრა, ნიკამ უთხრა ცენტრში მივდივარ და მალე ამოვალ სახლშიო, მაგრამ სახლში არ მოსულა. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს. საღამოს მეგობარს უნახავს ნავარძეთის გზაზე, მეგობარს არ გაყვა და გზა ფეხით განაგრძო. ზესტაფონისკენ რომ მიდიოდა ამის დამნახავები არიან. მას შემდეგ რაც განგაში ავტეხეთ და სოციალურ ქსელში გავცელდა ინფორმაცია მის დაკარგვაზე, დაგვიკავშირდა ბიჭი და გვითხრა: ვნახე ზესტაფონისკენ მიმავალ გზაზე, მანქანაც გავუჩერე, მაგრამ არ ჩამიჯდა, ზურგჩანთა ეკეთაო. ამის მერე კვალი ქრება. მარტო იყო. ბოლო ორი კვირა თბილისში, მშენებლობაზე მუშაობდა. ადრე მოსაწევის გამო ცოტა პრობლემები შეექმნა, მაგრამ მერე უმკურნალეს და კარგად იყო. არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობთ, გონება გაეთიშა და კვალს ვერ ვპოულობთ. იმ საღამოს რომ არ მოვიდა სახლში, გვეგონა მონასტერში წავიდა. კაცხის სვეტია ჩვენთან და იქ დადის ხოლმე. ვიფიქრეთ, იქ იყო. მეორე დღეს იქ ააკითხა ძმამ და მამაოებმა უთხრეს, აქ არ მოსულაო. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში და ყველგან ვეძებთ.

ნიკას მობილური ტელეფონი არ აქვს, გაუფუჭდა არც ჰქონია სურვილი რომ ახალი ეყიდა, ამიტომ არ ჰქონდა ტელეფონიც. მთელმა სანათესაომ იცის და ყველანი ვეძებთ. ვინმესთან რომ მისულიყო გაგვაგებინებდნენ, ყველას ვთხოვთ დახმარებას. სოციალურ ქსელში ბევრი ადამაინი აზიარებს ნიკა ხვედელიძის ფოტოებს და ითხოვს დახმარებას. როგორც ჩანს, ადამიანებმა შენიშნეს ის ქუჩაში და რეკავენ კიდეც ახლობლების ნომრებზე" - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" ნიკა ხვედელიძის დეიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×