რეზონანსი
12.06.2023

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში მისი ოჯახის შესახებ გასულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

"არ დავიწყებ იმ უსუსურ ბრალდებებზე საუბარს, რომლებსაც სიუჟეტში გამოყვანილი ქალბატონი ჩემი ოჯახის მიმართ ავრცელებდა, რადგან აბსურდის კომენტირება უფრო დიდ აბსურდად მიმაჩნია," - აცხადებს ისკო დასენი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დისკრედიტაცია მიზნად ისახავს მმართველი გუნდისთვის ჩრდილის მიყენებას.

"ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სამწუხარო რეალობად იქცა ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მედია საშუალებების გამოყენებით ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სიუჟეტების მომზადება თუ გავრცელება. რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, ეს ტენდენცია დღითი დღე ღრმავდება და საშიშ ხასიათს იძენს. ჩემთვის, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისთვის, ცხადია, რომ მსგავსი მედია საშუალებები ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ ხერხს მიმართავენ, რათა პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ და ამით მმართველ პოლიტიკურ ძალას მიაყენონ ჩრდილი. მიზნის მისაღწევად ისინი უკვე წლებია, არაერთი მოგონილი და გაყალბებული სიუჟეტით ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას სხვადასხვა ბიზნენსის მფარველობას უკავშირებენ, ხოლო ჩემი შვილების ბიზნესს პირდაპირ აბრალებენ კრიმინალთან კავშირს, რაც სრული აბსურდია. არ დავიწყებ იმ უსუსურ ბრალდებებზე საუბარს, რომლებსაც სიუჟეტში გამოყვანილი ქალბატონი ჩემი ოჯახის მიმართ ავრცელებდა, რადგან აბსურდის კომენტირება უფრო დიდ აბსურდად მიმაჩნია. არც იმ სიკეთეს დააყვედრებს მას ჩემი ოჯახი ოდესმე, რომელიც ჩვენს ოჯახში სამსახურის დროს მისთვის გაუწევია. სამსახურიდან მისი წასვლის რეალური მიზეზი კი ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ჩემში ადამიანურ გაკვირვებას იწვევს იმ ზეწოლის მასშტაბი, რომელიც შესაძლებელია მასზე განხორციელდა ამ ფარსში მონაწილეობის მისაღებად. და ბოლოს, მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ - მე არ დავიღლები და მსგავსი გამოგონილი სიბინძურით ვერ შემაჩერებენ, რადგან ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც აშკარაა, რომ ხელმოცარულ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა არაფერი დარჩენიათ და ადამიანების უსამართლოდ დისკრედიტაციის გზით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური კრახის გადაფარვას", - აცხადებს ისკო დასენი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×