რეზონანსი
16.06.2023

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული" უწოდა.

ვოლსკის თქმით, რიჟვაძეს გმირულად ბრძოლის ველზე დაცემულები არ უგულისხმია.

„როცა ცარიელი თავით ხარ, არ გაგაჩნია ხედვა, შინაარსი, იდეა, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ თორნიკე რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა - მთავარსარდალი, რომელმაც მთელი მსოფლიოს და იქვე, სტუმრის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როცა შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა. უფრო მეტიც, იმ სამხედროებმა, სამხედროებადწოდებულმა, მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები. ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, ეს ლაჩრები, ვინც ეს გააკეთა და არა შინდისის გმირები ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ. მხედართმთავარი - მიწაზე მოხოხიალე - არის ლაჩარი. ადამიანებმა ვინც თავის მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მილიონერები გახდნენ ისეთები, რომლებიც ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ შეიძლება უქონელი ადამიანი გახდეს მსოფლიოში ერთ ერთი მდიდარი, ისინი იგულისხმა. კიდევ ისინი, ვინც გენერალ ბორისოვს დაუდგნენ მძღოლებად, ისინი, ვინც ეღლიცინებოდნენ, რომ 50 ათას ლარს მოგცემთ და სტალინის ძეგლს ბომბი ესროლეთო, ფარისევლური ადამიანები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო. ერთმანეთს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".

რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმა 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×