რეზონანსი
16.06.2023

თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მოსმენისას იმყოფება.

გარდა ამისა, ვაშაძე დაინტერესდა იმ ფაქტითაც, ევროპელი პარტნიორების რა პოზიციაა მინისტრისთვის ცნობილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

"პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას, სადაც თქვენც იმყოფებოდით, „ქართულმა ოცნებამ" ზურგში მოგაყოლათ დეოლიგარქიზაციის კანონი. ამ კანონზე ევროკავშირმა, ვენეციის კომისიამ, ყველამ გითხრათ, რომ არ უნდა მიღებულიყო. მაინტერესებს, ევროკავშირში ვინმემ თუ მოგიწონათ, თუ გითხრათ, „ყოჩაღ, მაგრები ხართ ეს კანონი რომ მიიღეთო"?! უმრავლესობის მხრიდან ხშირად არის პირდაპირი თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, მათ შორის ევროპელ პარლამენტარებზე. მაინტერესებს, ვინმემ, რომელიმე შეხვედრაზე თუ მოგიწონათ, „ყოჩაღ, ქართველებო!", „ყოჩაღ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება, რომ ესხმით თავს და გამოირჩევით ანტიდასავლური რიტორიკით. აი, ზუსტად ეგ არის გზა, რომელიც თქვენ ხელს შეგიწყობთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ!" თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი მაინც, ევროპაში, ევროკავშირში, რომელმაც მოგიწონათ, „ყოჩაღ, 12 პუნქტი მაგრად არის შესრულებული და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის სტატუსი". როდესაც თქვენი უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, "მხილების" დიდი კამპანია რომ გაქვთ მოწყობილი, თუ არის ვინმე საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც თქვენ მოგიწონათ, ტაში დაგიკრათ, რომ „ყოჩაღ, საქართველო, როგორ ამხელთ გლობალური ომის პარტიას!" მითხარით, ვინმემ საერთოდ მოგთხოვათ თქვენ როგორ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო რომ ჩაერთოს ომში? დაბოლოს, თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას?"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×