რეზონანსი
16.06.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით აგრძელებს, აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს ხელისუფლება განიხილავს პარტნიორებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უაღრესად მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში მსურს, ყურადღება გავამახვილო ძირითადი მიმართულებებით ჩვენ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე. პირველ ყოვლისა, ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ პარტნიორებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ჩვენი აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად პარტნიორების მხრიდან ხდებოდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, რაც აისახა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში. ამის ნათელი დასტურია 16-17 მაისს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია და გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, თანამშრომლობა საქართველოსთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის, ადამიანის უფლებათა ანგარიშები", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წარმატებები.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც, მოგეხსენებათ, არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც გვაქვს კომუნიკაცია საკითხებზე, რომელიც ეხება როგორც ჰუმანიტარულ, ისე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით.

მინდა, აღვნიშნო, რომ 2022 წელს ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა ზოგადად ამ პლატფორმის ფარლგებში შეკრების უზრუნველყოფა და ვფიქრობ, საკმაოდ წარმტებით შეძლო საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა იმის უზრუნველყოფა, რომ 2022 წელს, ომის ფონზე, ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ ამ პლატფორმის ფარგლებში შეხვედრა, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობა", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×