რეზონანსი
19.06.2023

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნებას" ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, სიმშვიდე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განუცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა, ზოგადად, რა შანსი ექნება რადიკალური ოპოზიციის ერთობას 2024 წლის არჩევნებისთვის.

„ზოგადად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მგონია, ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის განადგურებული და ეს ყველაფერი მათი ქმედებებიდან გამომდინარეა, მათი გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის მოცემულობა, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გვაქვს.

არ ვიცი, გაერთიანდებიან, დაიშლებიან, ცალკეულ პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც უნდა ისე იმოქმედონ და რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნებას" ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, სიმშვიდე. ამას მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და თუ რა შანსები ექნება ამ შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციას.

„სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა. ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. თუ ვინმეს თვალის ასახვევად იმას აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, ვინ ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, თავმჯდომარე, დამფუძნებელი, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე, რომ ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს ყოფილა დაშორებული, პირიქით, ყოველთვის მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის უფლება არ აქვს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე. მან ქართული პასპორტი თავად ჩააბარა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ეს ცალკე განხილვის საგანია. არ ვიცი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×