რეზონანსი
22.06.2023

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მერიაში აცხადებენ, რომ არის კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

სტატია სათაურით - „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა", ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა.

როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა. გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს. აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×