რეზონანსი
22.06.2023

უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება დიდი წარმატება იყოს კავშირისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა.

შევჩოვიჩი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება იქნება განსხვავებული ყველა წინა გაფართოებასთან შედარებით და აღნიშნულზე მის კოლეგებთან ერთად იქნება მსჯელობა.

„უკრაინაში ვნახეთ, არის მიმართულებები, სადაც კარგი განვითარებაა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინელ მეგობრებთან და მათ იციან, რომ ველოდებით მეტ ძალისხმევას. ამავე დროს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად რთული ამოცანაა ომის დროს რეფორმები. ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი კიევში და შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, რადგან ომის პირობებში მთავრობა იყო ჩვენთან ერთად და პუნქტობრივად განიხილავდა რა არის გასაკეთებელი, როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ. ოპტიმისტურად ვარ გაწყობილი, რომ ეს ზეპირი მოხსენებაც, მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევების განხილვა დამატებითი მოტივაცია იქნება უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც, რათა დავრწმუნდეთ, როდესაც გაფართოების პოლიტიკის დოკუმენტო გვექნება, იმ დროისათვის დამატებითი პროგრესი იყოს და გავაგრძელებთ ერთად ამ ქვეყნების მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ომია და ამის გათვალისწინებითაც, უკრაინის პროგრესი შთამბეჭდავია.

კარგად ვიცი ჩემი ქვეყნის მაგალითზე გაწევრიანების პროცესი. აპლიკაცია ჩემმა ქვეყანამ 1993 წელს გააკეთა და ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა. ვიცი, რამდენი სამუშაოა გასატარებელი და თან მტერთან ბრძოლა, ქვეყნის დაცვა უზარმაზარი გამოწვევაა. ამ დრომდე წარმოდგენილი შედეგი შთამბეჭდავია. ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან გულახდილები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, თუ სადაა საჭირო მეტის გაკეთება.

რამდენი წელი დასჭირდება შემდგომ გაფართოებას, მე ამის თქმა გამიჭირდება. დარწმუნებით ვიცით, რომ შემდეგი გაფართოება იქნება განსხვავებული ყველა წინა გაფართოებასთან შედარებით და ამაზე კოლეგებთან გვექნება მსჯელობა. წინა გაფართოების დროს, შედარებით პატარა ქვეყნები იყვნენ და შესაძლებლობა იყო გათვლა და კალკულაცია წინასწარ.

ახლა მთლიანად განსხვავებული სიტუაციაა, უნდა შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები, ახალი მიდგომები, რის დემონსტრირებასაც ვახდენთ ზეპირი მოხსენებით. ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულია უკრაინაში მშვიდობაზე; მეორე, როგორ იქნებიან ეს ქვეყნები მომზადებული და მესამე, ჩვენ როგორ მოვამზადებთ ორგანიზაციას ასეთი დიდი ქვეყნის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მისაღებად. კონკრეტულ ვადებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან, რადგან დარწმუნებული უნდა ვიყოთ პროცესში, რომ ისინი კარგად მომზადებულები იქნებიან, ჩვენც მზად ვიქნებით. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება დიდი წარმატება იყოს ევროკავშირისთვის", - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.

საქართველო ევროკომისიის შუალედური ანგარიშს ელოდება. დღეს სტოკჰოლმში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად, ასოცირებული ტრიოს მიერ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×