რეზონანსი
23.06.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი მისი თქმით, დეპოლარიზაციის შეჩერება იყო, თუმცა ყოველ ჯერზე ამან მხოლოდ გააღრმავა პოლარიზაცია ნიკა.

„თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. საჯაროდაც ხედავდით, რომ იყო მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ, ესეც რა თქმა უნდა ზეწოლაა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი და აძლევ რჩევებს, რომელიც არავის ეკითხებოდა. რეაქციებითაც ვხედავთ ახლა ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ. ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რადგან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე, რომელიც პოზიტიურად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ არგუმენტის მიმართ, რომ ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციის გამო მიიღო პრეზიდენტმა, სკეპტიკურადაა განწყობილი.

„2020 წელს გიგი უგულავა შეიწყალა თუ არ ვცდები, შემდეგ ვნახეთ 2021 წელს შეწყალება, ახლა შეწყალება და ყოველ ჯერზე იყო ზეწოლა გარედან, მათ შორის შეწყალებასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე საუბარი იყო, რომ შეწყალების მიზანი არის დეპოლარიზაცია, სინამდვილეში ყოველ ჯერზე ამან მხოლოდ გააღრმავა პოლარიზაცია, ამიტომაც რა თქმა უნდა ამ არგუმენტის მიმართ სკეპტიკური ვარ და გამოდის, რომ ჩვენი პარტნიორებიც პასუხისმგებლობას იღებდნენ, ისინი, ვინც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს ამ ნაბიჯისკენ და მიაღწიეს ამ შედეგს, პასუხისმგებლობა მათაც აქვთ აღებული, რომ დეპოლარიზაცია მოხდება. დავაკვირდეთ ოპოზიცია რას იზამს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×