რეზონანსი
23.06.2023

არ გამიკვირდება, თუ საზოგადოების რეაქცია მწვავე იქნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გამოეხმაურა.

მიქანაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესრულებასთან არაფერ კავშირშია და პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი", - განაცხადა მიქანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა დაწვეს, ამას მან „საზოგადოების რეაქცია" უწოდა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არ გაუკვირდება, თუ რეაქცია უფრო მწვავე იქნება.

„არავის არავინ მიუგზავნია, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. ეს არის საზოგადოების რეაქცია და არ გამიკვირდება თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია. გახსოვთ 26-27 მაისს გაკეთებულ განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და როგორ გახდა იძულებული რიტორიკა შეეცვალა, როცა ევროპარლამენტში გამოვიდა და უფრო მეტად ზომიერი და ორიენტირებული ყოფილიყო ქვეყნის ინტერესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. ზოგადად, ევროკავშირი ჩვენი პოლიტიკური მიზანია და ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება მხარდაჭერილი და მოწონებული, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანმა რა პოზიცია გამოთქვა და ამის დაკავშირება „ქართულ ოცნებასთან" არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×