რეზონანსი
26.06.2023

ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ – აკადემიური საზოგადოების, ექსპერტების, მწარმოებლების, სააფთიაქო და სადისტრიბუციო ქსელების, დარგის სხვა წარმომადგენლების წამყვანი ასოციაცია – ეხმაურება საქართველოს კანონში ,,სამეწარმოე საქმიანობის კონტროლის შესახებ” დაგეგმილ ცვლილებებს.

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა  მოსამართლის ბრძანების გარეშე.

აღნიშნული ცვლილებებით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთებისა და დათქმების გარეშე განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი ნებისმიერი, მისთვის სასურველი სიხშირითა და მოცულობით, რაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას.

დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო, 24 საათის განმავლობაში, შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ამავდროულად, შუამდგომლობის წარდგენისას, მაკონტროლებელმა უნდა დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

ა(ა)იპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია”, დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს ნეგატიურად და მოითხოვს შეჩერდეს წარმოდგენილი კანონპორექტის განხილვა, სანამ არ მოხდება კანონპროექტის შემუშავება დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×