რეზონანსი
26.06.2023

ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სანქციებისგან თავის არიდების გზების ჩაკეტვაზე მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას, ამას ემსახურება ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტიც საქართველოში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო სალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად არ იქნას ქვეყანა გამოყენებული და საქართველოში შავ ხვრელებზე მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ.

„ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი პაკეტი სანქციების, რაც ძირითადად ეხება სანქციებისგან თავის არიდების იმ გზების ჩაკეტვას, რომლითაც ხდება სანქციებისგან თავის არიდება. აქედან გამომდინარე ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხებზე მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას და სწორედ ამას ემსახურება ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტიც საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, რათა პარტნიორებთან ჰქონდეს ევროკავშირს დიალოგი, კონსულტაციები თუ როგორ ხდება სანქციების რეჟიმთან თანხვედრა მესამე ქვეყნების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძალიან მტკიცედ განსაზღვრული პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციების თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით და საქართველომ არაერთხელ მიიღო კარგი შეფასებები სწორედ იმ ნაბიჯების გამო, რასაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

არავინ საუბრობს ამაზე (რომ საქართველო შავი ხვრელია), ამაზე საუბრობენ საქართველოში ქართველი პოლიტიკოსები, თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სანქციების პირველი პაკეტი იყო დაწესებული, მაშინვე ერთ- ერთმა ოპოზიციონერმა ერთ გამოსვლაში ეს სიტყვა ახსენა 5-ჯერ - შავი ხვრელი საქართველოში. შავი ხვრელი საერთოდ რა იყო არავინ იცოდა მაშინ. ეს მიმართულია ქვეყნის ინტერესების შესალახად.

საფრთხეები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც და სანქციებისგან თავის არიდების ფაქტები გამოვლენილია ბევრგან, შესაბამისად, ევროკავშირი სწორედ ამას ცდილობს ახლა, რომ ეფექტიანი იყოს აღსრულება სანქციების, რაც დაწესდა. ეს არის ძალიან ლოგიკური და სწორი,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×