რეზონანსი
26.06.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს გამოყენებით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა.

მისივე თქმით, ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ.

„არცერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით კეთილსინდისიერად. ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა. 1 300-მდე საზღვრის კვეთა შეჩერდა, გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რაც სანქციის ქვეშ იყო. გამომგზავნები იყვნენ, მათ შორის ევროკავშირის წევრები, მათ შორის აშშ. ამიტომ პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთები და სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში. რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, შუალედური გადაზიდვის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და აბსოლუტურად არის გაგება ამ მიმართულებით პარტნიორებისგან. ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, რომ შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ოსალივანის თბილისში ვიზიტს, პაპუაშვილის თქმით, დევიდ ოსალივანს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს, რამდენად მომზადებული არიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე რისკების გამოვლინების კუთხით, რათა არ იყოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენების და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.

„სხვათაშორის, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსიტუტების მცდელობა, ჩვენ დიდი დახმარება გვქონდა როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე შეერთებულო შტატების მხრიდან, რომ გვქონოდა იმ ბაზებთან წვდომა. ჩვენს საბაჟო სამსახურებს ჰყავთ უკვე სპეციალისტები, რომლებიც ამა თუ იმ ბაზაში მუშაობენ. ერთი მხრივ, შეუძლიათ მოკვლევა და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ტვირთის დეტალური შემოწმების შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×