რეზონანსი
26.06.2023

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში არ მონაწილეობს და საკუთარ როლს რეკომენდაციების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ხედავს.

„ოპოზიცია საკუთარ თავს არაფერს სთხოვს. საერთოდ არ ფიქრობს, რომ ამ პროცესის მონაწილეა. ევროკავშირი საქართველოდან ელოდება, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველა ჩართული იქნება. ოპოზიციამ თავიდანვე არ ჩათვალა, რომ მათ რამენაირად ეხებოდათ რეკომენდაციები და მათი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ისინი ამ გზას აგრძელებენ და ყველაფერს ხელისუფლებისგან ითხოვენ. ერთადერთი ფუნქცია და მათი როლი, სადაც საკუთარ თავს ხედავენ, არის, რომ მაქსიმალურად შეუშალონ ხელი რეკომენდაციების შესრულებას.

ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. მოვისმინეთ ევროკომისიის შეფასებები, რაც დაგვეხმარება, რომ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროკომისიას, რათა ოქტომბრის შეფასება იყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებში არანაირი ინტერესი არ არის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკურ მიზნებს - ნებისმიერ ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მიიღოს, სწორედ ამაში ხედავენ რესურს, რომ აქ არეულობა მოახდინონ. მათი ინტერესი არ არის, საქართველომ სტატუსი მიიღოს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

იქამდე, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, „ქოცები" ბოლომდე გადაჯეჯილდებიან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×