რეზონანსი
26.06.2023

რომ ინტერესდებიან კარგია, ცუდი ამაში არაფერია. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ოსალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა, უნდა წარმოადგინონ.

„ძალიან დიდი ბოდიში, ყველას ძალიან დიდი პატივს ვცემ, ვიცით მეგობრობაც, პარტნიორობაც, მაგრამ ეჭვების დონეზე ხომ არ უნდა შემოვიფარგლოთ. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, წარმოადგინონ და ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს," - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ამას აქვს ერთადერთი მიზანი - არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეზე, გლეხზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში შრომობს, მუშაობს, ქმნის პროდუქციას, იმისთვის, რომ შემდეგ მოახდინოს რეალიზაცია. რატომ უნდა შევუშალოთ ხელი მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე? ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს თავისი შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიერებს. რა არის ამაში ცუდი, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტია პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?!" - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×