რეზონანსი
27.06.2023

რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის წევრებს, გასული დღეების არეულობის შემდეგ, სამი ალტერნატივა შესთავაზა, რის შედეგადაც, მან, ფაქტობრივად, მოქირავნეთა რაზმის ამჟამინდელი სტრუქტურის დაშლა გამოაცხადა.

პუტინის შეთავაზებით, ვაგნერელებს სამი ალტერნატივა გააჩნიათ: გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; დაბრუნდნენ სახლში; გადავიდნენ ბელარუსში.

“მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯგუფის იმ ჯარისკაცებსა და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – არ გადადგეს ნაბიჯი ძმათამკვლელი სისხლისღვრისკენ, ზღვარზე გაჩერდნენ.

დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის სამსახური, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ძალოვან ორგანოსთან კონტრაქტის გაფორმებით, ან დაბრუნდეთ ნათესავებთან და ახლობლებთან. ვისაც სურს – ბელარუსში წასვლა შეუძლია. ჩემს მიერ მოცემული დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ მჯერა, გადაწყვეტილება იქნება რუსეთის მებრძოლების, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გააცნობიერეს”, – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, სპეციალურ მიმართვაში პუტინმა რუსებს მადლობა გადაუხადა “ერთიანობისა და პატრიოტიზმისთვის”. პუტინის მტკიცებით, “გამოვლინდა საზოგადოების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი კონსოლიდაცია”.

“ამ სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი, საშინაო არეულობის მოწყობის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული”, – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩაახშობდნენ და ეს მის ორგანიზატორებსაც უნდა სცოდნოდათ.

“შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით. აჯანყების ორგანიზატორები, ადეკვატურობის დაკარგვის მიუხედავად, შეუძლებელია ამას ვერ მიმხვდარიყვნენ. მათ ყველას ესმოდა, მათ შორის ის, რომ წავიდნენ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ქვეყნის გახლეჩვასა და დასუსტებაზე”, – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთი “კოლოსალურ საგარეო საფრთხეს უპირსპირდება” და უკრაინაში იბრძვის.

მან მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, თუმცა აღნიშნა, რომ “სწორედ მოქალაქეთა პატრიოტულმა განწყობამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×