რეზონანსი
27.06.2023

თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციას 120 ათასი ლარით დააფინანსებს. თბილისის მერიის ღვიძლის გადანერგვის პროგრამაში ზემოთ აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებისას, ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მომსახურებისთვის განსაზღვრული ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. მოგვიანებით დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზარდა და 70 ათასი ლარი შეადგინა.

რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს და დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 100%-ით. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და თბილისის მერიაც უერთდება ამას.

სულ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, თბილისსა და ბათუმში ღვიძლის გადანერგვა 44 მოქალაქეს დაუფინანსდა. პროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუმცა, წყვეტის პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტში არ გაუვლიათ რეგისტრაცია“, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×